ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოდიში მოიხადა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულიპოსტისთვის, რომელშიც ის ისრაელის უსაფრთხოების სამსახურებს ადანაშაულებს ჩავარდნაში, რამაც 7 ოქტომბირს „ჰამასის“ თავდასხმა გამოიწვია.
პოსტში ნეთანიაჰუმ დაწერა, რომ „ჰამასის“ თავდასხმამდე დაზვერვას მისთვის არანაირი მონაცემები არ მიუწოდებია. მან თავდაცვის ძალების მეთაური და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დაადანაშაულა, რომ სჯეროდათ, რომ „ჰამასი“ შეკავებული იყო და თავდასხმებს არ გეგმავდა.
ნეთანიაჰუს პოსტმა (რომელიც შემდეგ წაშალა) მწვავე რეაქცია გამოიწვია ისრაელის პოლიტიკურ სპექტრში, ის გააკრიტიკეს საზოგადოების დაყოფის მცდელობის გამო.
"მეცდებოდი. რაც ვთქვი, არ უნდა მეთქვა და ბოდიშს ვიხდი. მე სრულად ვუჭერ მხარს უსაფრთხოების ძალების ყველა ხელმძღვანელს,” - თქვა ნეთანიაჰუმ ახალ გზავნილში.
მანამდე, ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა კონტრადმირალ დანიელ ჰაგარიმ უარი თქვა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოსტზე კომენტარის გაკეთებაზე.
„ამ კითხვაზე პასუხს არ გავცემ. ჩვენ ახლა საომარ მდგომარეობაში ვართ და მასზე ვართ ორიენტირებული. ისრაეილის თავდაცვის ძალები და უსაფრთხოების სამსახური ჩაატარებენ საფუძვლიან გამოძიებას და ყველაფერს წარუდგენენ საზოგადოებას. ახლა ჩვენ ომს ვაწარმოებთ და მასზე ვართ ორიენტირებულები“,- თქვა ჰაგარიმ.