ისრაელი დათანხმდა ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციების გადადებას, ვიდრეშეერთებული შტატები რეგიონში არ განათავსებს საჰაერო თავდაცვის სისტემებს თავისი ჯარისკაცების დასაცავად. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ პენტაგონი რეგიონში ათამდე საჰაერო თავდაცვის სისტემის განთავსებას გეგმავს, მათ შორის ამერიკელი სამხედროების დასაცავად, რომლებიც მსახურობენ ერაყში, სირიაში, ქუვეითში, იორდანიაში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. ამერიკელი სამხედროები და სხვა ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ სახმელეთო ოპერაციის დაწყების შემდეგ აშშ-ის ჯარი „ჰამასის“ მებრძოლებისთვის სამიზნე გახდება. ამიტომ აშშ ისრაელს მოუწოდებს, დაელოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებას, რომელიც მიმდინარე კვირის ბოლოს იგეგმება.
„აშშ-ისა და ისრაელის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ისრაელი ჯერჯერობით დათანხმდა აშშ-ს თხოვნას საჰაერო თავდაცვის სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით, რათა რეგიონში დაიცვას ამერიკული ჯარი ღაზაში მოსალოდნელი სახმელეთო შეჭრის წინ“, - იუწყება გამოცემა.
გარდა ამისა, გამოცემის წყაროებმა განაცხადეს, რომ ისრაელი განიხილავს ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც მიზნად ისახავს „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლებას.