გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, ეროვნულ დონეზე საფრთხეების პროგნოზირების პლატფორმების შექმნისა და ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვის ხელშეწყობის პროგრამის საკითხებზე საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროგრამა მიზნად ისახავს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით შესაბამისი ეროვნული პროტოკოლის შემუშავებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკების და გამოცდილებების გათვალისწინებით.
„აღნიშნული პროგრამა საკმაოდ კომპლექსურია და ადრეული შეტყობინებების სისტემის დანერგვას ემსახურება. ამ თვალსაზრისით, სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის და გეოლოგიის დეპარტამენტების მიერ უმნიშვნელოვანესი სამუშაო იქნა გაწეული - განისაზღვრა გეოლოგიური საფრთხეები და მომზადდა შესაბამისი რუკები. რაც შეეხება რისკებზე ეფექტიანი რეაგირების სისტემის დანერგვას, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი უწყებების ჩართულობის უზრუნველყოფა“, - აღნიშნა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ვასილ გედევანიშვილმა.
საკონსულტაციო სამუშაო შეხვედრას, პროგრამის ფარგლებში მოწვეულ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამის ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პორტფელის ხელმძღვანელი ნინო ანთაძე და შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის (112) დირექტორი გიორგი არსოშვილი ესწრებოდნენ.
მოწვეულმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო პრაქტიკა და გამოცდილება გაუზიარეს.
აღნიშნული შეხვედრა პროექტის „მრავალმხრივი საფრთხეების ადრეული გაფრთხილების სისტემის გაფართოება და კლიმატთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოყენება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა, რომელიც ხორციელდება საქართველოს მთავრობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიისა და შვედეთის მთავრობების მხარდაჭერით.