სარაკეტო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალის ხმები გაისმა იერუსალიმსა და თელ ავივში. მედიის ცნობით, ქნესეთის სხდომა ორჯერ შეწყდა სარაკეტო თავდასხმის საფრთხის გამო. იერუსალიმში განგაშის სიგნალის ჩართვის შემდეგ პარლამენტარები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, იძულებული გახდნენ თავშესაფრებში გადასულიყვნენ.
როგორც Times of Israel იუწყება, „ჰამასის“ მებრძოლებმა მორიგი სარაკეტო შეტევა განახორციელეს თელ ავივზე. ამ დროისთვის ნგრევის ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
„ჰამასმა“ აიღო პასუხისმგებლობა თელ ავივსა და იერუსალიმზე მანამდე მომხდარ სარაკეტო თავდასხმებზეც, ასევე ლიბანის საზღვართან ისრაელის თავდაცვის ძალების წინააღმდეგ გახორციელებულ დარტყმებზე.
ადგილობრივი მედიის ცნობით, წინა თავდასხმისას ერთი რაკეტა იერუსალიმის ჩრდილოეთით ღია ტერიტორიაზე ჩავარდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.