"ბავშვი ცოლი არ არის" - დღეს, 15 ოქტომბერს, 20:00 საათზე, პარლამენტთან მდუმარე აქცია გაიმართება. ის "რეპროდუქციული განათლების ჰაბის" და "ნაამბობის" მიერაა ორგანიზებული.
"ჩვენ, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოვხატავთ სოლიდარობას არამხოლოდ გარდაცვლილი მოზარდის მიმართ, არამედ დახმარებასა და მხარდაჭერას ვთავაზობთ იმ ბავშვებსა თუ ქალებს, რომლებიც ახლაც, ამ წამსაც, განიცდიან ნებისმიერი სახის ძალადობას
მიუხედავად იმისა, რომ პედოფილია, ნაადრევი ქორწინება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ძალადობა დანაშაულია, საზოგადოების გარკვეულ წრეებში ამაზე არ საუბრობენ, მსხვერპლები დუმილს ამჯობინებენ, კანონის აღსრულება კი სათანადოდ არ ხდება
სწორედ ამიტომ, პარლამენტთან, მდუმარე აქციაზე, ორგანიზატორები და აქციის მონაწილეები, მივიტანთ თოჯინებს, სანთლებსა და ყვავილებს და სიმბოლურად ვეცდებით, რომ უფრო თვალშისაცემი გავხადოთ პედოფილიის დუმილით წახალისება. ამასთანავე, მოვუწოდოთ ხელისუფლების წარმომადგენლებსა თუ სამართალდამცავ ორგანოებს, რომ დაიცვან მოწყვლადი ჯგუფები ძალადობისაგან," - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 14 წლის აითაჯ შახმაროვა 6 ოქტომბერს მოკლეს. არასრულწლოვანი დმანისის სოფელ მამიშლარიდან იყო. მკვლელობაში ბრალდებული "ქმარი" პოლიციამ ოთხდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა.
დაკავებულები არიან მოკლული გოგონას დედა და ბიძაც, ასევე ბრალდებულის ბიძა და ბიძაშვილი.