ჩვენ გავანადგურებთ „ჰამასს“ და გავიმარჯვებთ, მაგრამ ამას დრო დასჭირდება“ - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.
ნეათნიაჰუს თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია.
"ჩვენ ძლიერ დარტყმებს ვაყენებთ ჰამასს, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია. დღეს ყველამ იცის, რომ ვიბრძვით სამშობლოსთვის და ვიბრძვით ლომებივით, არასდროს დავივიწყებთ „ჰამასის“ თავდასხმას, ჩვემ მტერს დარტყმებს ვაყენებთ უპრეცენდენტო სიძლიერით“, - თქვა მან.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ქვეითი ძალები და ტანკები დღეს ღაზას სექტორში შევიდნენ. მათივე თქმით, ისინი ლოკალური რეიდის ჩატარებას და ტერიტორიის პოტენციური ტერორისტებისგან გაწმენდას აპირებდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ამ რაიონში რამდენიმე ტერორისტი მოკლეს.
მოგვიანებით, ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საჰაერო იერიშები მიიტანეს.
ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო. ტერორისტები ქვეყნის სამხრეთით მდებარე დასახლებებში შეიჭრნენ, სადაც სასტიკი დანაშაულები ჩაიდინეს და ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.
ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმას ისრაელში 1200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაახლოებით, 150 ადამიანი კი ტერორისტებმა მძევლებად აიყვანეს.