ისრაელის არმიამ „ჰამასის“ სამხედრო ფრთის მეთაურის მუჰამედ დეიფის სახლზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას Haaretz პალესტინური მხარზე დაყრდნობით ავრცელებს. დეიფი 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის მთავარ ორგანიზატორად მიიჩნევა.
გამოცემის ცნობით, ღაზას სექტორის ქალქ ხან-იუნსში დეიფის სახლზე დარტყმის შედეგად სავარაუდოდ დაიღუპნენ დეიფის მამა , ძმა, შვილები და სხვა ნათესავები.
თავად დეიფის ადგილსამყოფელი უცნობია. სავარუდოდ, ის შესაძლოა იმალებოდეს ღაზის ტერიტორიაზე, გვირაბების ლაბირინთებში, სადაც ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, იმყოფებიან მებრძოლების მიერ გატაცებული ისრაელელები.
დეიფისა და მისი ოჯახის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ გავრცელდა. როგორც Reuters იუწყება, „ჰამასის“ სამხედრო მიმართულების მეთაურს თავს შვიდჯერ დაესხნენ. ბოლოს ეს 2021 წელს მოხდა. დეიფი საჯაროდ იშვიათად ჩნდება.
ამასთან, ბოლო 24 საათში ისრაელის არმიამ 450 დარტყმა განახორციელა ღაზას სექტორში „ჰამასის“ პოზიციების წინააღმდეგ.
ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ათობით გამანადგურებელმა 200-ზე მეტი დარტყმა განახორციელა ალ-ფურქანში მდებარე ობიექტებზე. მათივე ინფორმაციით, ალ-ფურქანი არის ტერიტორია ღაზას სექტორის ჩრდილოეთით, რომელსაც „ჰამასი“ იყენებს ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმებისთვის.