ისრაელში ჩავიდა ამერიკული სამხედრო დახმარებით დატვირთული პირველი თვითმფრინავი. ამის შესახებ CNN ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება.
თვითმფრინავი ისრელის ნევათიმის ავიაბაზაზე დაეშვა, რომელიც ქალაქ ბეერ შევასთან ქვეყნის სამხრეთით მდებარეობს.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელის გვერდით დგას.
„ჩვენ ვდგავართ ისრაელის გვერდით. ვზრდით დამატებით სამხედრო დახმარებას, მათ შორის, საბრძოლო მასალას რკინის გუმბათის შესავსებად, რათა ისრაელმა დაიცვას თავისი ქალაქები და მოქალაქეები“, – აღნიშნა ბაიდენმა.
მისივე თქმით, აშშ-მა რეგიონში გააძლიერა სამხედრო ძალების წარმომადგენლლობა.
„თავდაცვის დეპარტამენტმა გადაიყვანა USS Gerald Ford ავიამზიდის დამრტყმელი ჯგუფი ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში და გააძლიერა ჩვენი მოიერიშე თვითმფრინავების წარმომადგენლობა. მზად ვართ, გავგზავნოთ დამატებითი ძალები საჭიროების შემთხვევაში“, – აღნიშნა ბაიდენმა.