ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია " Human Rights Watch:" ბელორუსის ხელისუფლებისგან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხორციელებული დაკავებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნული ორგანიზაცია ამ დაკავებებს უკანონოს უწოდებს, ხოლო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებას სასწრაფოდ მოითხოვს.
როგორც " Human Rights Watch:" - ის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, ბელორუსის ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს საფუძვლიანი გამოძიება 19 დეკემბერს ბელორუსის დედაქალაქ მინსკში მომხდარი არეულობებისა.
"ბელორუსის ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგი. ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის უზენაესობითა და ადამიანის უფლებათა დაცვით. ოპოზიციის წინააღმდეგ არ შეიძლება ხდებოდეს უკანონო დაპატიმრებები და სადამსჯელო ღონისძიებები", - აცხადებს Human Rights Watch: - ის რუსეთის ოფისის დირექტორი ანა სევორტიანი.
როგორც სხვადასხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, დაკავებულია 19 დეკემბრის საპროტესტო აქციის მონაწილე მინიმუმ 600 აქტივისტი, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები და ბელორუსში მოქმედი არასამთავრობო ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
არეულობის დროს 5 პრეზიდენტობის კანდიდატი დაშავდა, ერთ-ერთი მათგანი ვლადიმერ ნეკლიაევი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნეკლიაევის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადგილსამყოფელი ამ ეტაპზე უცნობია.
"ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გააჟღეროს ინფორმაცია თუ სად და როგორ იმყოფება ნეკლიაევი. ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს ის ძალადობები, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატებსა და მომტინგეებზე განხორციელდა", - აცხადებს სევორტიანი.
შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებში მეოთხე ვადით ალექსანდრე ლუკაშენკომ გაიმარჯვა. არჩევნების შემდეგ დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქციები გაიმართა არჩევნების შედეგების გაუქმებისა და ვადამდელი საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნით. საპროტესტო აქციების პარალელურად პრეზიდენტობის 10 კანდიდატიდან 8 დააკავეს.