ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელმაც ოფიციალური მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმათა 79 % მოაგროვა და რომელმაც ჩაახშო ოპოზიციის გამოსვლები, პირობას დებს, რომ ბელორუსში "დასავლელი პარტნიორებისა" და ოპოზიციის საქმიანობის საიდუმლო დოკუმენტებს გამოაქვეყნებს.
"დღეს მე მივეცი განკარგულება ყველაზე პოპულარულ გაზეთს გამოაქვეყნოს ყველა მასალა, იმისათვის, რომ ბელორუსმა ხალხმა საბოლოოდ შეხედოს ჩვენს ე.წ. დასავლელ პარტნიორებს და ამ ე.წ. ოპოზიციას", _ განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა და დასძინა - "ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი არ გვიჩვენებია, მაგრამ უახლოეს მომავალში არა თუ ვაჩვენებთ, წერილობით გავავრცელებთ კიდეც. ვნახოთ, რა რეაქცია ექნება მათ, ვინც ამ ბელორუსულ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნდება და მათ იმ მფარველებს რომლებიც მათ ზურგსუკან დგანან", _ განაცხადა ლუკაშენკომ.
მისივე თქმით, პუბლიკაცია უახლოესი 2-3 დღის განმავლობაში შედგება - "ჩვენ გამოვაქვეყნებთ ყველა დოკუმენტს, რომელიც არქივში გრიფით "საიდუმლო" უნდა იმყოფებოდეს... ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი მოვლენები იქნება", - განაცხადა ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ.
ამას გარდა, ბელორუსის პრეზიდენტი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას შვიდი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატის დაკავების შესახებ - "მილიცია იძულებული იყო ადეკვატური ზომები მიეღო და დააპატიმრა ორგანიზატორები და მათ შორის იყვნენ, ოღონდ არა რვა ან ცხრა, არამედ მგონი ერთი თუ ორი ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი", _ აცხადებს ლუკაშენკო.