კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" თავდასხმელი სამუელ ეტოო აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
მან ეს ტიტული მეოთხედ მოიპოვა და ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა.
აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ეტოომ კოტ დივუარელ დიდიე დროგბას და განელ ასამოა გიანს აჯობა.
საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, კიდევ რამდენიმე ნომინაციაში გაიცა პრიზები. კონტინენტის წლის საუკეთესო კლუბად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი "მაზემბე" დასახელდა, საუკეთესო ნაკრებად კი - განა.
შეგახსენებთ, რომ საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელის გამოსავლენად გამოკითხვას, აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციისგან დამოუკიდებლად, ყოველწლიურად გულშემატკივრებს შორის ატარებს ბრიტანული ტელეარხი ბი-ბი-სი, რომლის შედეგები რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა და ქომაგებმა 2010 წელს აფრიკაში საუკეთესოდ ასამოა გიანი აღიარეს.