ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი არეულობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს.
"მშვიდობიანი აქცია გადაიზარდა მინისტრთა საბჭოს შენობის აღების მცდელობაში. იქ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შტაბი მდებარეობს. მათ არასანქცირებული მიტინგით მთავრობის სახლის აღება სცადეს და რამდენიმე ფანჯარაც დააზიანეს. სწორედ ამის შემდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება არეულობის აღკვეთის შესახებ", - აცხადებენ ბელორუსის შსს-ში.
მათივე თქმით, მილიციის თანამშრომლებმაა "რამდენიმე ასეული აგრესორი და კანონდამრღვევი დააკავეს".
"დაკავებულების უმრავლესობა იყო უმუშევარი ახალგაზრდები და სხვადასხვა სასწავლებლის სტუდენტები, მათ შორის არასრულწლოვანები, რომლებიც ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ. არეულობის ადგილას აღოჩენილია ბევრი ხის ხელკეტი და ალკოჰოლის ბოთლები", - აცხადებენ ბელორუსის შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსში 19 დეკემბერს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. წინასწარი შედეგებით, არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო ლიდერობს. ბელორუსის ოპოზიცია კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას და ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს.
აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიცია ქუჩაში გამოვიდა, რასაც არეულობა და ოპოზიციის ლიდერების და მათი მომხრეების დაკავება მოჰყვა.