მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ თითქოს ეს რეგულაცია კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის გამო შეიტანა ბრძანებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. საბოლოო ჯამში, საინტერესო რამ გამოვიდა: რეალურად ხვალიდან ეს რეგულაცია ოთარ ფარცხალაძეზე საერთოდ არ გავრცელდება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.
"მთელი დღის განმავლობაში, ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ თითქოს ეს რეგულაცია კონკრეტულად ოთარ ფარცხალაძის გამო შეიტანა ბრძანებაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. საბოლოო ჯამში, საინტერესო რამ გამოვიდა, რეალურად ხვალიდან ეს რეგულაცია ოთარ ფარცხალაძეზე საერთოდ არ გავრცელდება, რადგანაც ის კარგავს უკვე დღეიდან საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა ძალაში დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი რეგულაცია, რომელიც საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერ ქართულ კომპანიას იცავს კონსტიტუციის წინააღმდეგ მისი უფლებების დარღვევისგან. ჩვენს კონსტიტუციაში ჩადებულია 2 ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპი - ეს არის საკუთრების ძირითადი უფლება და ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფცია. ძველი რეგულაციებით, საქართველოს მოქალაქისთვის ორივე უფლება ირღვეოდა, ახალი რეგულაციით კი, უკვე უზრუნველყოფილია ის, რომ საქართველოს მოქალაქის მიმართ არცერთი უფლება არ დაირღვეს. მთლიანობაში, ძალიან საინტერესო სურათი დალაგდა. ოპოზიციამ ერთდღიანი ქარიშხალი შექმნა ჭიქაში, მეტს ვერაფერს მიაღწიეს, მაქსიმუმ ერთდღიანი შედეგები აქვთ ხოლმე.
ხვალიდან, სანქციების რეჟიმი აბსოლუტურად ყველაზე გავრცელდება, ვინც სიაშია შეყვანილი. პრინციპი აუცილებლად უნდა იყოს დაცული, რომ საქართველოს მოქალაქე არ შეიძლება გაიყვანო კონსტიტუციური ჩარჩოს მიღმა. აქედან გამომდინარე, შედეგი მივიღეთ საინტერესო - მოქალაქის უფლებები არის დაცული თავიდან ბოლომდე და ასევე, პრაქტიკაში ისე გამოვიდა, რომ ყველაზე ვრცელდება სანქციები, ვინც სანქციების სიაში არის შეყვანილი.
ყველა პარტნიორმა უნდა გაიგოს ის, რომ ჩვენ ვითხოვთ ჩვენი მოქალაქეების მიმართ კონსტიტუციური პრინციპების დაცვას და რეალიზებას. არ შეიძლება ჩვენ რაღაც ნაბიჯები გადავდგათ ჩვენი მოქალაქეების საკუთრების უფლების შეზღუდვის ხარჯზე. მე მგონია, რომ ყველა პარტნიორი გაიგებს ამ ყველაფერს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.