ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდე ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან ქართული ტელეკომპანია "იმედის" მიერ დასმულ კითხვას უპასუხა, საქართველო საბჭოთა კავშირში ყველაზე მდიდარი იყო და ბელორუსს ამ მხრივ საქართველოსგან ბევრი რამე შეუძლია ისწავლოს.
ლუკაშენკომ არ გამორიცხა საქართველოში ვიზიტიც. მისი თქმით, მისი ვიზიტი შეუძლებელი სულაც არაა.
"რაც შეეხება საქართველოში ჩემს ვიზიტს, გეტყვით რომ შეუძლებელი არაფერია. ძალიან დიდ პატივს ვცემთ და ვაფასებთ საქართველოს. საქართველო ჩვენთვის საინტერესო ქვეყანაა, მათ შორის ენერგორესურსების ტრანზიტის კუთხითაც. ჩვენი სპეციალისტები ბევრჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და რამდენიმე პროექტსაც ვახორციელებთ. საქართველოსა და ბელორუსს თანამშრომლობის მშვენიერი პერსპექტივები აქვს. ჩვენი თანამშრომლობა რუსეთის წინააღმდეგ არაა მიმართული. საქართველო ყველაზე მდიდარი იყო საბჭოთა კავშირში და შეუძლია ამ მხრივ ბევრი რამე გვასწავლოს", - განაცხადა ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები 19 დეკემბერს გაიმართა. მასში გამარჯვება ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა 90.66 %-ით. არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციური კანდიდატების ორგანიზებით მინსკში საპროტესტო აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. არჩევნებში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა, რომლიდანაც 8 დაკავებულია. აქცია ბელორუსმა სამართალდამცველებმა დაშალეს.