ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. ლუკაშენკო მინსკში მომხდარ არეულობას გამოეხმაურა. მისი თქმით, ოპოზიციის გუშინდელი ქმედებები დემოკრატიის ნაცვლად ბანდიტიზმია.
"გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა. ციხეში არავის ვსვამ, ამისთვის პროკურორები და მოსამართლეები არსებობენ და შესაბამის გადაწყვეტილებასაც ისინი გამოიტანენ. ყველა კანდიდატი დაარეგისტრირეს, თვალი დახუჭეს მათ ცოდვებსა და დარღვევებზე. მათ საშუალება ჰქონდათ, პირდაპირი ეთერი გამოეყენებინათ. კანდიდატებმა ვერ შეძლეს ამ დროის გამოყენება, რადგან სათქმელი არაფერი ჰქონდათ. ჰქონდათ უფლება, აგიტაცია იქ ჩაეტარებინათ, სადაც მოისურვებდნენ. მოედანზე შეკრების მოწოდება უკვე კონსტიტუციის დარღვევაა, რისთვისაც უნდა მოხსნილიყო მათი კანდიდატურები საარჩევნო მარათონიდან. სწორედ ეს უნდოდათ, მაგრამ ამის შანსი ვერ მივეცით. რისი მოწყობის მცდელობაც ჰქონდათ მინსკში, ეს დემოკრატია კი არა ბანდიტიზმია. ჩვენი სამართალდამცველები მხოლოდ კანონით მოქმედებდნენ", - განაცხადა ლუკაშენკომ.
შეგახსენებთ, რომ ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები 19 დეკემბერს გაიმართა. მასში გამარჯვება ალექსანდრე ლუკაშენკომ მოიპოვა 90.66 %-ით. არჩევნების დასრულების შემდეგ ოპოზიციური კანდიდატების ორგანიზებით მინსკში საპროტესტო აქცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ. არჩევნებში სულ 10 კანდიდატი მონაწილეობდა, რომლიდანაც 8 დაკავებულია. აქცია ბელორუსმა სამართალდამცველებმა დაშალეს.