სანქციები, რომლებიც დაწესდა, არის სისხლის სამართლებრივი, ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული, ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.
„როდესაც საქმე ეხება გარკვეული გადაწყვეტილების მიღებას და როდესაც ერთმანეთთან კონფლიქტში შეიძლება, იყოს ეროვნული ბანკის შიდა რეგულაცია შეიძლება, არსებობდეს, უპირატესობა ენიჭება საქართველოს კონსტიტუციას. ასეთი გადაწყვეტილება თუ არის მიღებული ეროვნული ბანკის მიმართ, პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას და მის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პრინციპს, უდანაშაულობის პრეზუმფციას. საქართველოს მოქალაქე განსაკუთრებულად არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის ძირითადი უფლებებით, მათ შორის უდანაშაულობის პრეზუმფციით. უცხოელს შეიძლება, შეუზღუდო საქმიანობის წარმოება, მაგრამ როცა საქართველოს მოქალაქეს ეხება საქმე, საქართველო მოქმედებს სხვა პასუხისმგებლობით და ეს პასუხისმგებლობა მას პირველ რიგში კონსტიტუციით ეკისრება. რაც შეეხება სანქციებს, თავისი არსით, სტრასბურგის პრაქტიკას თუ ავიღებთ, ეს სანქციები თავისი არსით არის სისხლის სამართლებრივი სანქციები. რეალურად, თავისი შინაარსით ის სანქციები, რომლებიც დაწესდა არის სისხლის სამართლებრივი. ასეთ დროს მოქალაქეს იცავს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი, რომელიც არის გარანტირებული. ეს ვრცელდება ოთარ ფარცხალაძეზეც, როგორც საქართველოს მოქალაქეზე. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, პირდაპირ, უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კერძოდ ადამიანის უფლებების ნაწილში“, – განაცხადა კობახიძემ.
ეროვნულ ბანკში ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით განაცხადეს, რომ სანქცირებულ პირს ეზღუდება როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა.