ჩემს კოლეგებს ვიცნობ და სამწუხაროდ, ისინი არაფრის მომწყობები არ არიან, - „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ კომენტარი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაზე გააკეთა, რომლის თანახმადაც, ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.
„საბჭოთა კავშირი რომ უცხო ქვეყნის აგენტებს ებრძოდა და სულ საკუთარ მოსახლეობას ამზადებდა, რომ თითქოს, ისინი ქვეყანაში რაღაცას მოაწყობდნენ და დაამხობდნენ - კონტრრევოლუციონერებს რომ ეძებდნენ, დაახლოებით, ასეთი ნადირობაა კუდიანებზე, რომელსაც შინაარსი არ გააჩნია, იმიტომ, რომ მე ჩემს კოლეგებს ვიცნობ და სამწუხაროდ, ისინი არაფრის მომწყობები არ არიან“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.