ეუთომ ბელორუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმურად აღიარა. ეს განცხადება მისიის ხელმძღვანელმა ტონი ლოიდმა გააკეთა.
"ბელორუსის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზა არაადეკვატურია და ვერ უზრუნველყოფს გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებას ეუთოს ვალდებულებების ფონზე", _ განაცხადა ტონი ლოიდმა.
მისი თქმით - "არ არის ეფექტური პირობები სარჩელების შეტანისა. არჩევნებმა ვერ შეძლეს ბელორუსისთვის ისეთი მომავლის მიცემა, როგორსაც ის იმსახურებს".
"მოქმედი პრეზიდენტი და დანარჩენი კანდიდატები არათანაბარ პირობებში იმყოფებოდნენ. იყო შემთხვევები, როდესაც ადმინისტრაციული რესურსი სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის მხარდასაჭერად იყო გამოყენებული", _ ნათქვამია ეუთოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ნაციონალურმა არხებმა ბელორუსში დროის 90 %-ზე მეტი მოქმედ პრეზიდენტს დაუთმეს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ეუთოში ჰქონდათ იმედი, რომ ბელორუსში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდებოდა, მაგრამ ეს იმედი ვერ გამართლდა.
"დიდი იმედი მქონდა იმისა, რომ შევძლებდით და ბელორუსში ჩატარებულ არჩევნებს დადებით შეფასებას მივცემდით. მაგრამ სამწუხაროდ ეს შეუძლებელია", _ განაცხადა ეუთოს წარმომადგენელმა ჰაინრიხ არენსმა.