სტიქიის შედეგად დაზარალებული ლაგოდეხის რაიონის სოფელ უზუნთალას მაცხოვრებლები რაიონის გამგებელს გია გოზალიშვილს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, სტიქიის შემდეგ გამგებელს დახმარებისათვის არაერთხელ მიმართეს, მასთან შესახვედრად გამგეობის შენობაშიც მივიდნენ, მაგრამ გოზალიშვილმა ისინი არ მიიღო.
„მომწყდით აქედანო, რა ძაღლები ვართ? ტელეფონზეც არ გვპასუხობს, ერთი ორჯერ სოფელში ჯიპით შემოირბინა და გავარდა. საშინელ პირობებში ვართ. ბევრმა საცხოვრებელი სახლებიდან ტალახი გახვეტა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ მოახერხა. რამდენიმე ოჯახის ეზო ისევ დატბორილია, ტექნიკა გვჭირდება, მაგრამ არავინ გვეხმარება. გზებიც დახრამულია და გადაადგილება გვიჭირს. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. ყველაფერი რაც გვქონდა, წყალმა წაიღო. ხალხი მშიერია", - აცხადებენ სოფელ უზუნთალას მაცხოვრებლები.
უნდა აღინიშნოს, რომ ეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მხრიდან სოფლის მაცხოვრებლების შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ არის. ცოტა ხნის წინ, გია გოზალიშვილმა, სიტყვიერი შეურაცხყოფა, სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით, პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსულ სოფელ მაწიმის მაცხოვრებლებსაც მიაყენა. გამგებელი მათ საჯაროდ დაბრმავებულებს ეძახდა.
გია გოზალიშვილის განცხადებით, მოსახლეობის სიტყვიერი შეურაცხყოფის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.