ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე 10 კანდიდატიდან 8 დაკავებულია. ერთ-ერთი მათგანის მეუღლეს, რუსეთის მოქალაქეს, პირდაპირ ეთერში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ამავე დროს, ამ დრომდე უცნობია თუ სად იმყოფება პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმერ ნეკლიაევი, რომელსაც სპეცრაზმმა თავის ქალის ტრამვა მიაყენა. იგი საავადმყოფოდან უცნობმა პირებმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
ამავე დროს, ბელორუსის შს სამინისტროს ინფორმაციით, მინსკში გამართული ოპოზიციის აქციის დროს დაკავებულია რამდენიმე ასეული ადამიანი. ყველა მათგანი წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
აღსანიშნავია, რომ ბელორუსის პრეზიდენტობის კანდიდატმა, რომელიც არ დაუკავებიათ ვიქტორ ტერეშენკომ დღეს ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ბელორუსის მთავრობის სასახლის შტურმს დამოუკიდებლობის მოედანზე ოპოზიციური კანდიდატები ჯერ კიდევ 10 დღის წინ აპირებდნენ.
"დაახლოებით 9-10 დღის წინ მე არ დავეთანხმე მათ წინადადებებს, მათ შორის იმის შესახებ, რომ უნდა მოვამზადოთ სცენარი რომელშიც ფიზიკური ძალის გამოყენებაც შედიოდა, მათ შორის შტურმი", _ აცხადებს ტერეშენკო.