ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2008 წლის აგვისტოს ომში მის მიერ რუსეთის დადანაშაულება უარყო.
ამის შესახებ ლუკაშენკომ დღეს, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან ჭიკილეაკს-ს მიერ გამოქვეყნებული მასალების კომენტირებისას განაცხადა.
"არაფერი მსგავსი არ ყოფილა. ჩემი პოზიცია რუსეთთან მიმართებაში მე უკვე დავაფიქსირე", - აღნიშნა ლუკაშენკომ.
შეგახსნებთ, რომ ჭიკილეაკს-სის მიერ გამოქვეყნებულ საიდუმლო მასალების მიხედვით, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ურმას პაეტისა და ბელორუსის პრეზიდენტ ალექსანდ ლუკაშენკოს შორის 2009 წლის ოქტომბერში, მინსკში გამართულ შეხვედრის დროს ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ "მოსკოვმა საქართველოსთან ომის პროვოცირება მოახდინა, რისთვისაც ის რამდენიმე წელი ემზადებოდა, ხოლო ბელორუსი, შესაძლოა, აიძულონ აღიაროს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა იაფი გაზის საფასურად".
გამოცემის ინფორმაციით, ლუკაშენკომ ესტონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრისას განაცხადა, ის შეიძლება აიძულონ აღიაროს საქართველოს კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობა, სანაცვლოდ კი მისცენ იაფი გაზი.
შეგახსნებთ, რომ ბელორუსის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტების დაპირისპირების დროს დიმიტრი მედვედევი ბელორუსის პრეზიდენტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შესახებ დადებულ პირობა არაერთხელ შეახსენა, რაზეც ლუკაშენკომ კრემლს სიძუნწეში ღიად დასდო ბრალი და განაცხადა, რომ მას აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებისთვის საჭირო თანხა არ გადაუხადეს.