საქართველოსათვის "ცხვირში კიდევ ერთ გარტყმას" ვლადიმერ პუტინი 21 დეკემბერს აპირებს - ამ დღეს ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" ანალოგი მოსკოვში უნდა გაიხსნას.
"ქუთაისში აფეთქებული "დიდების მემორიალის" მოსკოვში აღდგენა საქართველოსათვის ცხვირში კიდევ ერთი გარტყმა იქნება, რომელმაც ისტორიული ხსოვნის წინაშე დანაშაული ჩაიდინა", _ აცხადებდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი 2009 წლის 29 დეკემბერს მემორიალის აღდგენაზე საუბრისას.
ამასთან ერთად, პუტინმა მემორიალს აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება მის ავტორს მერაბ ბერძენიშვილსაც შესთავაზა, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ თუკი ავტორი სამუშაოებში მონაწილეობის მიღებას ვერ შეძლებს რუსეთი მისი ნებისმიერი რჩევის მიცემისათვის მადლობელი იქნება.
თავის მხრივ მემორიალის ავტორმა მერაბ ბერძენიშვილმა მადლობა გადაუხადა რუსეთის კულტურის მინისტრ ალექსანდრე ავდეევს შეთავაზებაზე აღადგინოს მემორიალი მოსკოვში, მაგრამ შეთავაზებაზე უარი განაცხადა.
ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ მემორიალის აღდგენა შეუძლებელია. მისი თქმით, უკვე გარდაცვლილია ძეგლის არქიტექტორი ოთარ კალანდარიშვილი. არ დარჩა არც პროექტი, არც მაკეტი და არც ესკიზები. ასევე აღარ არსებობს დაწესებულება სადაც მემორიალი დამზადდა.
ბერძენიშვილი აღნიშნავდა, რომ სწორედ ამის გამო უთხრა უარი რუსეთს ძეგლი აღდგენაზე. ამასთან ერთად იგი კატეგორიულად წინააღმდეგია იმისა, რომ მემორიალი სხვა ავტორმა აღადგინოს. მისი თქმით, მას პირადად უკვე ძალა აღარ აქვს და აღდგენის შემთხვევაში "ეს უკვე მემორიალის პაროდია იქნება და სხვა არაფერი".
ქუთაისში დემონტირებული "დიდების მემორიალის" ყველაზე კარგ ანალოგად მოსკოვში, ხმათა უმრავლესობით, პროექტი სახელწოდებით "რაიხსტაგი" აირჩიეს. სწორედ ეს პროექტი მოეწონა რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს _ ეს არის სიმბოლო რუსი და ქართველი ხალხის ერთობლივი ბრძოლისა ფაშიზმის წინააღმდეგ. ეს მემორიალი მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" აღიმართება - წერდა "როსიისკაია გაზეტა".
მემორიალი პოკლონნაია გორაზე მდებარე "ხსოვნის ხეივანში" - დიდი სამამულო ომის მუზეუმის უკან აღიმართება. "ხსოვნის ხეივანში" არის სინაგოგა, უკრაინული ძეგლი და წმინდა გიორგის ტაძარი. იქ ასევე განთავსებულია ესპანური ჯვარი, იქნება ბუდისტური ქანდაკებაც, ასევე სომხური ქანდაკება.
მოსკოვის მაშინდელი მერის იური ლუჟკოვის გადაწყვეტილებით მემორიალის ანალოგის დადგმასთან დაკავშირებული დეტალების მოგვარება, ადგილის შერჩევა და კონკურსის ორგანიზება მოსკოვის მთავარ არქიტექტორს ალექსანდრე კუზმინს დაევალა. სულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო 20 სამხატვრო კოლექტივმა რუსეთიდან, ბელორუსიდან და საქართველოდან, რომლებმაც 25 პროექტი წარადგინეს.
ყველა პროექტი "მოსკომარქიტექტურის" საგამოფენო დარბაზში იყო წარმოდგენილი. კომისიამ მათგან ექვსი საუკეთესო შეარჩია და დიდ სამამულო ომის დიდების დარბაზში გამოფინა. ყველა მსურველს შეეძლო ხმა მიეცა მოწონებული პროექტისათვის. დიდი სამამულო ომის მუზეუმში თავისი აზრი 1500 ზე მეტმა ადამიანმა გამოხატა და კიდევ 65 000-მა ინტერნეტით მისცა ხმა. მათმა უმრავლესობამ უპირატესობა მიანიჭა პროექტს პირობითი სახელწოდებით "რაიხსტაგი".
გამარჯვება მოიპოვა სამხატვრო კოლექტივმა, რომელსაც რუსეთის დამსახურებული მხატვარი სალავატ შერბაკოვი და სახალხო მხატვარი ანდრეი კოვალჩუკი ხელმძღვანელობენ.
პროექტი "რაიხსტაგი" _ რაიხსტაგზე დროშის აღმართვით გამარჯვების აპოთეოზის გამოხატულება. დროშასთან დგანან სერჟანტი ეგოროვი და უმცროსი სერჟანტი ქანთარია. უფრო ქვემოთ - განმათავისუფლებელი ჯარისკაცები საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან. პროექტში არის არის ასევე უკანა ფონი - ეს არის კედელი, რომელიც ქუთაისში დანგრეული "დიდების მემორიალის" სილუეტია. მემორიალისათვის თანხა შემოწირულობებით შეგროვდა.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟი 2009 წლის 19 ნოემბერს განხორციელდა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო, აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა.