უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაღუპულებისა და დაშავებულების სახით 500 ათასამდე ადამიანი დაკარგა.
გამოცემა New York Times-ი აშშ-ის ოფიციალურ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ უკრაინამ და რუსეთმა ომის დაწყების შემდეგ დაღუპულებისა და დაჭრილების სახით 500 ათასამდე ადამიანი დაკარგა. ამასთან, რუსეთის მხრიდან ომში დაღუპულია 120 ათასამდე, უკრაინის მხრიდან 70 ათასამდე სამხედრო.
გამოცემის ცნობით, რუსეთის საერთო დანაკარგი 300 ათასს უახლოვდება, მათ შორის არის 120 ათასი დაღუპული და 170-180 ათასი დაჭრილი სამხედრო.
მათივე შეფასებით, უკრაინამ დაკარგა 70 ათასი ჯარისკაცი, დაჭრილია 100-120 ათასი სამხედრო.
New York Times-ის წყარო ამბობს, რომ ომში მხარეების დანაკარგების აღრიცხვა საკმაოდ რთული პროცესია და ხსენებული მონაცემები შესაძლოა არაზუსტი იყოს. მოსკოვი დანაკარგის შესახებ აშკარად შემცირებულ რაოდენობას ასახელებს, კიევი კი დანაკარგის შესახებ საერთოდ არ ავრცელებს ინფორმაციას. მან ომის დასაწყისშივე ოფიციალურად განაცხადა, რომ დანაკარგის შესახებ მონაცემებს მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ გაასაჯაროვებს.