დღეს ქოცები იქცევიან, როგორც ნაცები. უბრალოდ გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, საამისოდ (ანუ განაცებისთვის) ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში “რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი წევრი დავით ზურაბიშვილი წერს.
მისი თქმით, სტიქიური უბედურებისას საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლებისგან მაკონსოლიდირებელი მოწოდებების მოლოდინი, თუმცა ხელისუფლება თვითონ დაუპირისპირდა არა მარტო მათ, ვინც შეკითხვებს სვამს, არამედ დაზარალებულებსაც.
„ვეჭვობ ეს სტატუსი ნაცებს არ მოეწონებთ და ქოცებს ხომ არ მოეწონებათ და არ მოეწონებათ.
ნაცების მმართველობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანი იყო ის, რომ ისინი არასდროს აღიარებდნენ არანაირ შეცდომას თუ გადაცდომას, არასდროს არაფერში არ ეთანხმებოდნენ არცერთ ოპონენტს და მუდმივად საკუთარი ქმედებების "გაპრავების" რეჟიმში იმყოფებოდნენ. სხვათა შორის, ამგვარმა მიდგომამ ნაცების წინააღმდეგ საზოგადოების კონსოლიდაციას ძალიან შეუწყო ხელი.
მათგან განსხვავებით, ივანიშვილის ხელისუფლება ბოლო დრომდე გაცილებით უფრო ლაბილური იყო და კრიზისულ მომენტებში არ თაკილობდა ტაქტიკურ უკანდახევებს, მეისრეების დასჯას, ერთგვარ ორთქლის გამოშვებას და ა.შ. ამით ოცნება ახერხებდა საზოგადოებაში პერიოდულად გაჩენილი მძაფრი უკმაყოფილების მუხტის შენელებას და საბოლოო ჯამში ჩაცხრობასაც.
შოვის ტრაგედია ამ მხრივ სახელისუფლო მიდგომის ერთგვარ შემობრუნების წერტილადაც შეიძლება აღვიქვათ. აქ ხელისუფლებამ პირველივე დღიდანვე გამოაცხადა თავი შეუმცდარად და ყველანაირი ფაქტი, რის გამოც შესაძლოა ვიღაცას ეფიქრა, რომ მთავრობამ რამე ვერ შეძლო, სადღაც დააგვიანა, რაღაცაში გამოიჩინა დაუდევრობა და ა.შ., იმთავითვე გამოცხადდა სიცრუედ და ნაცების პროვოკაციად. ანუ, ქოცები აქ თავიდანვე იმყოფებიან მხოლოდ ტოტალური გაპრავების რეჟიმში, არაფერს არ აღიარებენ, არავის დასჯას არ აპირებენ და დამოუკიდებელ მედიას და დაზარალებულებს აბრალებენ დეზინფორმაციის გავრცელებას.
სხვანაირად რომ ვთქვა, დღეს ქოცები იქცევიან, როგორც ნაცები. უბრალოდ გარდა იმისა, რომ წინა ხელისუფლებასთან შედარებით ბევრად არაკვალიფიციურად აკეთებენ ამას, საამისოდ (ანუ განაცებისთვის) ძალიან არასწორი შემთხვევა შეარჩიეს. ჯერ ერთი აქ საზოგადოებას თავიდანვე უამრავი ინფორმაცია ჰქონდა არასახელისუფლო წყაროებიდან მიღებული და იმთავითვე შეუძლებელი იყო შავის თეთრად გასაღება. გარდა ამისა, სტიქიური უბედურებისას საზოგადოებაში ბუნებრივად ჩნდება ხელისუფლებისგან მაკონსოლიდირებელი მოწოდებების მოლოდინი, ამ დროს კი ხელისუფლება თვითონ დაუპირისპირდა არა მარტო იმათ, ვინც შეკითხვებს სვამს და მის უცთომელობაში ეჭვი შეაქვს, არამედ თვით დაზარალებულებსაც, რაც უკვე ისეთი უგუნურებაა, რომ პროსახელისუფლო კონსოლიდაციას არსებითად გამორიცხავს.
ამიტომ მე პირადად პრინციპულად ვერ გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს. თავად ქოცი ამომრჩევლისთვის ასეთი ხისტი სიჯიუტე წმინდა ესთეტიურადაც უჩვეულოა და ნაცების მიდგომებთან უფრო ასოცირდება, რომ არაფერი ვთქვა დაზარალებულების მიმართ ეჭვების გამოთქმის ამორალობაზე, რასაც მეტ-ნაკლებად პატიოსანი ქოციც კი ვერ აარიდებს თვალს.
და თუკი რაიმე ოპტიმისტური და დადებითი შეიძლება გამოვიტანოთ ამ მძიმე და გულისამრევი სიტუაციიდან, ეს არის ის, რომ ამით ხელისუფლება ვერაფერს იგებს. უფრო პირიქით“, - წერს დავით ზურაბიშვილი.