გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მან შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
„მინდა, ჩემი ღრმა მწუხარება გამოვხატო, მივუსამძიმრო ჩვენი მოქალაქეების ოჯახებს, რომლებიც საუბედუროდ, ამ დიდი ტრაგედიის შედეგად დაიღუპნენ. კიდევ ერთხელ ვიზიარებ მათ მწუხარებას. ეს არის ძალიან მძიმე ტრაგედია და მთელი ერი გაერთიანებულია მის გარშემო. მოვისმინე ინფორმაცია ოპერატიულ შტაბში, რომელიც შექმნილია გუშინდელი დღიდან. დაუყოვნებლივ იქნა გამოგზავნილი 400-ზე მეტი მაშველი და დაიწყეს მუშაობა. 210 ჩვენი მოქალაქე უვნებლად გამოყვანილია სტიქიის ზონიდან. ღამე ჩვენს პოლიციას, სამაშველო სამსახურს მაქსიმალური მობილიზება ჰქონდა გაკეთებული ადგილზე. არცერთი ჩვენი მოქალაქე, რომელიც ჯერ კიდევ სტიქიის ზონაში რჩებოდა, არ იყო ყურადღების გარეშე დატოვებული. კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს გმირ მაშველებს მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ასეთი კატაკლიზმები, ტრაგედიები, სტიქიები ხდება ყველა ქვეყანაში და ახლა ყოველგვარი საუბარი იმაზე, რომ ამის არიდება შეიძლებოდა, ძალიან არასერიოზულია.
„მინდა, ერთი რამ ყველას გთხოვოთ, ასეთ მძიმე წუთებში გთხოვთ, ყველანი გავერთიანდეთ, სოლიდარობა გამოვხატოთ და ვილოცოთ ამ ოჯახებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.