ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტი (IDFI) შსს-ის თანამშრომელზე, გოგა რაზმაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტს ეხმიანება.
„2023 წლის 12 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს უფროსმა, გოგა რაზმაძემ, სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოაქვეყნა საჯარო პოსტი, სადაც სამინისტროში მის მიმართ დისკრიმინაციული და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტებზე საუბრობს.
გოგა რაზმაძე თავის საჯარო პოსტში აღნიშნავს, რომ დეპარტამენტის კურატორად მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის დანიშვნის შემდეგ დაიწყო მისი საჯარო პოსტების კონტროლი და Facebook-ზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით დადებული გამოხმაურებების აღების მოთხოვნა.
გოგა რაზმაძის Facebook პოსტიდან ირკვევა, რომ ის 2023 წლის 11 ივნისს დაიბარეს შსს-ს გენერალურ ინსპექციაში, სადაც გენ. ინსპექციის უფროსის მოადგილის, დავით მინდიაშვილის მიერ მისი გამოკითხვა 3 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. გოგა რაზმაძე აღნიშნავს, რომ მთელი გასაუბრების განმავლობაში მას დამამცირებლად და ღირსების შემლახავად ეპყრობოდნენ და “აგდებულად მოიხსენიებდნენ” შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტს. იგი აგრეთვე მიუთითებს, რომ აიძულებდნენ ახსნა-განმარტების დაწერას (პირადი განცხადების გზით სამსახურის დატოვებას), წინააღმდეგ შემთხვევაში “სამსახურიდან გაგდებით” ემუქრებოდნენ.
გოგა რაზმაძე აღნიშნავს, რომ გენერალურ ინსპექციაში მასთან გასაუბრება მოხდა დეპარტამენტის შემოწმების ფარგლებში. შემოწმება დაიწყო სპონტანურად – 2023 წლის აუდიტის სამოქმედო გეგმით დეპარტამენტის შემოწმება საერთოდ არ იყო გათვალისწინებული. გოგა რაზმაძის თქმით, “ეჭვგარეშეა რომ აღნიშნული აუდიტის მიზანია რეორგანიზაცია, რომელსაც შედეგად მოჰყვება დეპარტამენტიდან ხელმძღვანელებისთვის „არასასურველი“ თანამშრომლების გაშვება”.
IDFI მხარდაჭერას უცხადებს გოგა რაზმაძეს და იმედს გამოთქვამს, რომ სამინისტრო არ გამოიყენებს ხელოვნურ და უკანონო საფუძველს მისი სამსახურიდან გასათავისუფლებლად. ამასთანავე, გოგა რაზმაძის მიერ განცხადებაში მოყვანილი გარემოებები არის საკმარისად კონკრეტული ამ საქმის ეფექტური და დროული შესწავლის დაწყებისთვის. ხოლო მის მიერ დასახელებული ზოგიერთი ფაქტი კი შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს მისი თანამშრომლების მიერ გამოხატვის თავისუფლებით ეფექტური სარგებლობა, აღმოფხვრას ამ ნიშნით დისკრიმინაცია და შეაჩეროს ნებისმიერი პროცესი, რომელიც შეიძლება მიზნად ისახავდეს თანამშრომლების შევიწროებას მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული აზრისთვის. ასევე, მოვუწოდებთ სამინისტროს, გააკეთოს განმარტება მინისტრის მოადგილისა და გენერალური ინსპექციის მიმართ წაყენებული ბრალდების თაობაზე თანამშრომლის მიმართ სავარაუდო დევნის თაობაზე.
მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაიწყოს გამოძიება გოგა რაზმაძის მიერ დასახელებულ ფაქტებზე, რომლებიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს.
მოვუწოდებთ სახალხო დამცველს, დროულად შეისწავლოს გოგა რაზმაძის საქმე, ასევე ეფექტურად გამოიყენოს საკუთარი მანდატი მისი უფლებების დასაცავად“, - ნათქვამია განცხადებაში.