თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მარტის აქციების შემდეგ დაკავებული აქტივისტის ლაზარე გრიგორიადისის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესზე გამოიკითხა დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მაისურაძე, რომლის ავტომობილის დაწვასაც ედავება ბრალდებულ გრიგორიადისს პროკურატურა.
პოლიციელმა სასამართლოს უთხრა, რომ მის მანქანას ათზე მეტი დემონსტრანტი აზიანებდა, ასხამდა საღებავს და ურტყამდა, რის შემდეგაც იგი რუსთაველზე ამოაგორეს და ერთმა მათგანმა ცეცხლი წაუკიდა. მან აღნიშნა, რომ დაინახა, როგორ ამოატრიალეს მისი სამსახურებრივი ავტომობილი და როგორ გაუჩნდა მას ცეცხლი, მაგრამ მათი ამოცნობა ვინც ეს გააკეთა არ შეუძლია.
ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა სხდომაზე თქვა, რომ შსს-ს თანამშრომლის პირვანდელ ჩვენებასა და სასამართლოზე ნათქვამს შორის შეუსაბამობა იყო, რადგან, თავდაპირველად გიორგი მაისურაძე ჩვენებაში ამბობდა, რომ საკუთარი მანქანის დაზიანების კადრები სოციალურ ქსელში ნახა და ის ფაქტი, რომ მან ეს ყველაფერი ადგილზე დაინახა, თავდაპირველ ჩვენებაში მითითებული არ ჰქონდა.
გრიგორიადისის ადვოკატებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზეც, რომ პოლიციელს აქციის ღამეს სამსახურებრივ მანქანაში ეწყო ძვირადღირებული პირადი ნივთები. ლიკა ბითაძის თქმით, პოლიციელი ჩვენებაში წერდა, რომ იმ ღამეს მანქანასთან ერთად დაიწვა მისი ფეხსაცმელი, 7 000 ლარის ღირებულების, სმარტ საათი, რომლის ფასიც 3 200 ლარია, 1 300-ლარიანი სათვალე და სხვა ნივთები.
პოლიციელმა დაადასტურა სასამართლოში, რომ ეს ნივთები მას ეკუთვნოდა, არ უარყო არც მათი ღირებულება და თქვა, რომ ყველა ნივთი თავად შეიძინა. მას შემდეგ, რაც პოლიციელმა ეს დაადასტურა, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატები პოლიციელის შემოსავლით დაინტერესდნენ. პროკურატურამ ეს კითხვა გააპროტესტა და თქვა, რომ ამ გარემოებას საქმესთან კავშირი არ აქვს.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ასევე პროკურატურამ წარადგინა სახანძრო-ტექნიკური ქიმიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გრიგორიადისის ტანსაცმელზე ნავთობპროდუქტების კვალი ამოვიდა.
ლაზარეს ბრალად ედება სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლა (საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმასა და მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას).
მას 31 მარტს საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. 1 მაისს აღკვეთის ღონისძიების გადახედვისას, სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლაზარე გრიგორიადისს 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
წყარო: „რადიო თავისუფლება“