ორგანიზაცია „ღირსეული შრომის პლატფორმის“ ცნობით, მეოთხე დღეა, ჭიათურაში 3000-ზე მეტი მაღაროელი საპროტესტო აქციას მართავს. შეჩერებულია სამუშაო პროცესი.
ჭიათურაში მაღაროლები და მათი ოჯახის წევრები ამ წუთებშიც საპროტესტო აქციას მართავენ. დამსაქმებლის მიერ გატარებული ცვლილებების შედეგად სამუშაოს რაოდენობა გაიზარდა, ხელფასი კი იგივე დარჩა.
მაღაროელების მთავარი მოთხოვნებია:
ხელფასის ზრდა ქვეყანაში არსებული ინფლაციის გათვალისწინებით; ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნება, შრომის უსაფრთხოების დაცვა; აღჭურვილობისა და სპეცტანსაცმლის შეცვლა, სანგრების განიავება; სადაზღვევო კომპანიის შეცვლა; საპენსიო დანაზოგის გაუქმება, საშემოსავლოს შემცირება, კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; ქალაქის ეკოლოგიური საკითხის მოწესრიგება.
როგორც „ღირსეული შრომის პლატფორმა“ აღნიშნავს, ჭიათურასა და მიმდებარე ტერიტორიაზე, „ჯორჯიან მანგანეზის“ ჩვიდმეტწლიანი საქმიანობის შედეგად, ჰაერის, ნიადაგის და მდინარის დაბინძურება მანგანუმით და სხვა მძიმე ნივთიერებებით, ასჯერ და მეტჯერ აღემატება დაშვებულ ნორმებს, მიწის ჩაშლას და მეწყერს, სოფელი სოფელზე ეწირება.
2017 წლიდან კომპანიის მიერ გარემოზე მიყენებული მასშტაბური ზიანის (416 მილიონი ლარის) გამოსასწორებლად, დასაქმებულთა შრომითი უფლებების დასაცავად, სასამართლოს გადაწყვეტილებით კომპანიაში სპეციალური მმართველი დაინიშნა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენელია. ამ მიზეზით, უკვე წლებია, „ჯორჯიან მანგანეზში“ შესამოწმებლად, არც გარემოსდაცვით ინსპექციები შესულან, არც შრომის ინსპექცია. კომპანიას, თითქმის ნახევარ მილიარდიანი ჯარიმა ჩამოეწერა. 2023 წლის 1 მაისიდან, ჭიათურაში სამუშაო პროცესი აღდგა, კიდევ უფრო დამძიმებული შრომის პირობებით.