საქართველოს პროკურატურის ინორმაციით, ბათუმში კაფე „რეტროს“ მეპატრონეს, თანამშრომლის მიმართ ძალადობის და მუქარის ფაქტზე ბრალდება წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 3 ივნისს, ბათუმში, კაფე „რეტროში“, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კაფის მეპატრონემ ერთ-ერთი თანამშრომლის მიმართ ძალადობა განახორციელა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 4 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და 151-ე მუხლის პირველი (ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) ნაწილებით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.