შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 4 პირი დააკავა.
2003 წელს დაბადებული მ.ბ., 2001 წელს დაბადებული გ.მ., 1989 წელს დაბადებული მ.ს. და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1994 წელს დაბადებული თ.ლ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ძალადობის გამოყენებით, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები.
დანაშაულები 4-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ფულადი სარგებლის მიღების მიზნით, 1972 წელს დაბადებული გ.ც. მისი საცხოვრებელი სახლიდან მოტყუებით გამოიყვანეს, ფიზიკურად იძალადეს და სიცოცხლის მოსპობის მუქარით თავისუფლება აღუკვეთეს.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მომხდარიდან მალევე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტით, ასევე, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.