ევაკუაცია გამოცხადდა თბილისის საქალაქო სასამართლოში, შეწყვეტილია ყველა სხდომა, მოქალაქეებს და თანამშრომლებს შენობა დაატოვებინეს. არსებული ინფორმაციით, სასამართლოში შევიდა შეტყობინება ბომბის არსებობის შესახებ. იგივე მოხდა თბილისის სამივე ინსტანციის სასამართლოში.
ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინებები რეგიონების სასამართლოებმაც მიიღეს. ევაკუაცია გამოცხადდა ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის, სენაკის, გურჯაანის, გორისა და მცხეთის სასამართლოებში.
ევაკუაცია გამოცხადდა კასპის იუსტიციის სახლშიც.
არსებული ინფორმაციით, შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით გაიგზავნა. სასამართლოების შენობებში შესაბამისი უწყებები მუშაობენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
დილით ევაკუაცია გამოცხადდა ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში. ადმინისტრაციამ მეილზე მიიღო შეტყობინება ტერიტორიაზე ბომბის არსებობის შესახებ. ადგილზე შესაბამისი სამსახურები მივიდნენ, სკოლის ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა არ დადასტურდა. მსგავსი შემთხვევა იყო სკოლა ლოგოსშიც.