მოსკოველი სამართალდამცავები რადიკალურად განწყობილი რუსი ახალგაზრდობისა და კავკასიელების შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ყველა საჭირო ზომას იღებენ. რუსული მედიის ინფორმაციით დღეს დილიდან მოსკოვის ცენტრში სამართალდამცავთა და "ომონის" სპეცდანიშნულების ნაწილების წარმომადგენელთა სიმრავლე შეინიშნება. ორგანოები ასევე ამოწმებენ ინფორმაციას მოსკოვის ცენტრში მდებარე სავაჭრო ცენტრის "ევროპეისკის" ტერიტორიაზე შესაძლო ტერაქტების განხორციელების შესახებ.
სავაჭრო ცენტრთან დილიდან მორიგეობს "ომონი", ამასთან ერთად ქუჩის გასწვრივ, რომელიც სავაჭრო ცენტრსა და კიევის სადგურს ყოფს მილიციელები მორიგეობენ. ისინი აღჭურვილნი არიან სპეცსაშუალებებით, მათ შორის პლასტიკური დამცავი შლემებით, რეზინის ხელკეტებითა და ჯავშანჟილეტებით. იქვეა "ომონის" ავტობუსები და მილიციის რამდენიმე ათეული საპატრულო მანქანა.
სამართალდამცავები ასევე იცავენ ახლომდებარე მეტროსადგურ "კიევსკოეს" შესასვლელსა და გამოსასვლელს. თითოეულ გამოსასვლელთან მორიგეობს ექვსი-შვიდი "ომონელი". მათვე კონტროლზე ჰყავთ აყვანილი სავაჭრო ცენტრის შესასვლელ-გამოსასვლელიც.
რუსული მედია იუწყება, რომ ჯერ ჯერობით სავაჭრო ცენტრის ირგვლივ სიტუაცია მშვიდია და რადიკალურად განწყობილი ახალგაზრდების ჯგუფები მოედანზე არ ჩანს.