ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალი არჩევნები, სავარაუდოდ, 2011 წლის 22 იანვარს გაიმართება.
შესაბამისი წინადადებით ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ აღმასრულებელ კომიტეტს უკვე მიმართა. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში ლოკომოტივის სტადიონზე კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს, რომელიც ერთ-ერთ საკითხად სწორედ მომავალი არჩევნების თარიღის განსაზღვრას განიხილავს.
"22 იანვარი არჩევნების ჩატარებისთვის ყველაზე კარგი დროა, ვინაიდან წლის დასაწყისია და ფედერაციის ახალ ხელმძღვანელობას არ მოუწევს სხვისი დაწყებული საქმის გაგრძელება. არამედ, ის გასაკეთებელს თავიდან ბოლომდე თავად გააკეთებს, მითუმეტეს, რომ მომავალ წელს უამრავი მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი", - განუცხადა ზვიად სიჭინავამ ჟურნალისტებს კომიტეტის სხდომის დაწყებამდე.
რაც შეეხება იმას, დააყენებს თუ არა ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ის საკუთარ კანდიდატურას, სიჭინავა აღნიშნულზე კომენტირებისას ამ ეტაპზე თავს იკავებს.
"ჯერჯერობით ვრჩები იმ პოზიციაზე, რომელიც ერთი წლის წინ მქონდა - ანუ ჯერ არ ვიცი", - განმარტა მან.