ქობულეთის სოფელ ლეღვაში 20 წლის გიორგი ალხანიშვილის სასტიკი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულ ოთხივე პირს ბათუმის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღკვეთის ღონისძიება ერთ პირს - მკვლელობაში ბრალდებულს, რომელმაც შემთხვევიდან სამი დღის შემდეგ ქვეყანა დატოვა, დაუსწრებლად შეეფარდა.
სამი პირიდან ორი დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული, ერთი კი – დაფარვაში. დღეს პროცესზე დაკავებულებმა განაცხადეს, რომ მკვლელობაში ბრალდებულისგან განიცდიდნენ მუქარას, დანაშაული კი შიშის გამო დაფარეს.
პროკურორის განცხადებით, მკვლელობა ნასვამ მდგომარეობაში ურთიერთშელაპარაკების დროს მოხდა. მისივე თქმით, მკვლელობაში ბრალდებულმა, რომელიც ლონდონში სწავლობს, ქვეყანა თურქეთის გავლით დატოვა და მიმდინარეობს მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების ღონისძიებები.
გარდაცვლილის ცხედარი დედოფლისწყაროში, სახლში გადაასვენეს.
საქმეზე წინასასამართლო სხდომა 18 ივლისისთვის ჩაინიშნა.