მსჯავრდებულებს ვიდეოპაემნის საშუალება მიეცემათ. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილება, რომელიც პატიმრების რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს, "პატიმრობის კოდექსში" შედის.
კომიტეტის თავმჯდომარის, ლაშა თორდიას განმარტებით, ვიდეოპაემნები მსჯავრდებულებს დაეხმარება, რომ თავი საზოგადოებისგან სრულიად იზოლირებულად არ იგრძნონ.
პროექტი პრობაციის ბიუროების და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების ადამიანური რესურსების და მატერიალური ტექნიკური ბაზის გამოყენებით განხორციელდება.
კომიტეტის სხდომაზე "ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზედაც იმსჯელეს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრის, პეტრე ზამბახიძის განმარტებით, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის ადგილებში შესვლისთვის არსებული ზედმეტი ბარიერები უნდა მოიხსნას.
ზამბახიძეს მიაჩნია, რომ ეს ტურისტთა მოზიდვას და, შესაბამისად, საქართველოში ტურისტული პოტენციალის გაზრდას შეუწყობს ხელს. მოქმედი კანონით, ამგვარ ადგილებში შემსვლელი პირის ასაკის შემოწმება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით ხდება. თორდიას განცხადებით, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აუცილებელი, თუ შესვლის მსურველი პირის ასაკი გონივრული ეჭვის ქვეშ დადგება.