ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო მის მიერ მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის გაცნობას აგრძელებს.
13 დეკემბრის სხდომაზე საბჭოს წინაშე განსახილველად წარდგენილი იყო 22 საჩივარი, რომელთაგან ორი ჩაითვალა ფართო საზოგადოებისთვის საინტერესოდ.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში, დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ საგადასახადო ორგანო ზედმეტად მკაცრად მიუდგა გადამხდელს, როდესაც ერთი სამართალდარღვევის საფუძვლით გასულ პერიოდზე გაუზარდა გადასახადები. საბჭომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ იმავე პერიოდში ჩატარებული საკონტროლო შემოწმებებისას მსგავსი დარღვევა არ გამოვლენილა. ამის გათვალისწინებით, საბჭომ გააუქმა დამატებით დარიცხული გადასახადები და სანქცია.
მეორე შემთხვევაში, საბჭომ ძალაში დატოვა შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება კონტრაბანდული ტვირთის გადაზიდვისთვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევის თაობაზე. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ეს გადაწყვეტილება ზედიზედ მესამეა, რომელშიც საბჭო კონტრაბანდისთვის გამოყენებული ავტომობილის დაბრუნებაზე მომჩივანს უარს უცხადებს.