ხელვაჩაურში სამშენებლო ბლოკების მწარმოებელი საწარმო აშენდება. როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტროს კაპადოკიელმა ბიზნესმენმა ქამილ ჩევრუკმა მიმართა და ხელვაჩაურში სამშენებლო ბლოკების საწარმოოს შექმნის სურვილი განაცხადა.
ბიზნესმენი საწარმოოს შექმნისათვის მილიონ დოლარზე მეტის ინვესტირებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას აპირებს. სამშენებლო ბლოკები ვულკანური პემზის იქნება.
ასეთი სახის ბლოკები ჩვეულებრივ სილა-ხრეშის ბლოკებზე გაცილებით მსუბუქია, ტენიანობისა და სითბოიზოლაციის კუთხით უკეთესია, გამოიყენება მაღლივი კორპუსების მშენებლობაში. მსგავსი საწარმოოს შექმნა რეგიონის სამშენებლო დარგისათვის დროული და საჭიროა, რადგანაც აღარ მოხდება პემზის ბლოკების თურქეთიდან შესყიდვა და იგი უფრო იაფი დაუჯდება მშენებლებს.