მიხეილ სააკაშვილს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება, პაციენტი თავადაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი, – ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილის კლინიკაში შესვლის დღიდან ყველაფერი კეთდება მისი მკურნალობისთვის.
„კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველი დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა, პაციენტისთვის კეთდება ყველა კვლევა, რაც სჭირდება, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევები, თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან, ერთი არის პაციენტის მხარე, მეორე, სამედიცინო პერსონალის მხარე.
ჩვენი ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და შეთავაზებული აქვს თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი, მაგრამ არის მეორე მხარე, უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რაც გააჩნია სამედიცინო პერსონალს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც.
ჩვენი მიზანი ნამდვილად არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ეს რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია, პაციენტზეც“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.
მისი თქმით, ყოველდღიურად ექიმი-ენდოკრინოლოგის მიერ გაწერილია მენიუ, დღის განმავლობაში რა არის რეკომენდებული და რა უნდა მიიღოს, მაგრამ რეკომენდაცია არ სრულდება.
„შეთავაზებული იქნა ცილოვანი დანამატები, ეს არის სასმელი ხსნარი, რომელსაც აქვს რაღაც ხილის გემოვნება. ამაზეც პირველი ორი დღე მიიღო, შემდეგ უარი განაცხადა. ჩვენ ეს მდგომარეობა ძალიან გვაწუხებს.
პაციენტს ჩატარებული აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტალური კვლევები, სადაც დადასტურებულია, რომ კუჭი მონაწილეობს საკვების მიღებასა და გადამუშავებაში, მექანიკური რაიმე წინააღმდეგობა არ არის და ეს განპირობებულია მისი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება და ამას პაციენტი თავადაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.