მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
მისი თქმით, სასამართლომ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების თაობაზე ადვოკატების შუამდგომლობა „ვივამედის“ კლინიკის დირექტორის ჩვენების საფუძველზე არ დააკმაყოფილა და ცრუ ინფორმაციებს დაეყრდნო.
„კლინიკა „ვივამედის“ მიერ დადგინდა „კახექსიის“ დიაგნოზი. ამის შესახებ თავად ნინო ნადირაძემ ისაუბრა სასამართლო პროცესზე, თუმცა სასამართლომ ეს ყველაფერი ყურადღების მიღმა დატოვა. სააკაშვილს უარი ეთქვა ნინო ნადირაძის ჩვენების საფუძველზე – თურმე სააკაშვილს არ სურს საკვების მიღება. ამ დროს თავად „ვივამედმა“ დაადასტურა „კახექსიის“ დიაგნოზი, რაც სააკაშვილს დაუდგინდა ამერიკელი და ქართველი ექსპერტების მიერ. შესაბამისად, სასამართლო დაეყრდნო ცრუ ინფორმაციებს. თავის გადაწყვეტილებაში სრულად არ ასახა ის, რაც სასამართლო პროცესზე ხდებოდა. აქედან გამომდინარე, ამ უკანონო, უსამართლო გადაწყვეტილებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში ვასაჩივრებთ. ვნახოთ, რას გადაწყვეტს სააპელაციო სასამართლო. გამოვიდა, რომ დიაგნოზი, რომელიც ექსპერტების მიერ იქნა დასმული, დაადასტურა თავად სახელმწიფომაც, რაც თავისთავად, ჯანდაცვის მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების საფუძველია“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.
მისი თქმით, გადაწყვეტილების სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებენ.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში იმდენად შემჭიდროებულ ვადებში ხდება ამ ტიპის დავების განხილვა, რომ ამ ეტაპზე თავს ვიკავებთ სტრასბურგში გასაჩივრებისგან. დაველოდებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს და ამის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ყოველ შემთხვევაში, დღეს ასეთი მოცემულობაა. არ არის გამორიცხული, თბილისის სააპელაციო სასამართლომ შეცვალოს ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა პირველი არხის ინფორმაციით, შალვა ხაჭაპურიძემ.