"მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც პუტინს, ჩემი დატყვევებით, ერთგულებას უდასტურებს" - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ფრანგული გამოცემა Le Monde-სთან გაგზავნილ წერილში წერს.
ის ჯანმრთელობის დამძიმებულ მდგომარეობაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არაადამიანურ მოპყრობასა და მძიმე მეტალებით მოწამვლაზე წერს. ასევე საუბრობს საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასა და მათ დამოკიდებულებაზე რუსეთის მიმართ.
ამ წერილს ჩემი, ქართული ციხის სამედიცინო საკნიდან ვწერ, სადაც, ფიზიკური მდგომარეობის სწრაფად გაუარესების გამო, უკვე რამდენიმე თვეა ვიმყოფები. სახალხო დამცველის კონსილიუმში გაერთიანებული დამოუკიდებელი ქართველი ექიმები, ამერიკელი, შვეიცარიელი და ბრიტანელი პროფესიონალები ერთსულოვნები არიან: ჩემზე განხორციელებულმა არაადამიანურმა მოპყრობამ, რომელსაც თან მძიმე მეტალებით მოწამვლა დაერთო, ჩემი ჯანმრთელობა გააუარესა. ამიტომ, მოგმართავთ მანამ, სანამ ჩემი მდგომარეობა მაძლევს ფიქრისა და წერის საშუალებას, რადგან ჩემი ფიზიკური და გონებრივი მდგომარეობა დღითიდღე იცვლება.
ციხეში ვარ იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტი და დასავლეთთან დაახლოების არქიტექტორი ვიყავი. მე იმ რეჟიმის პატიმარი ვარ, რომელიც ჩემი დატყვევებით პუტინს ერთგულებას უდასტურებს. პუტინს, რომელიც მე თავის მტრად მთვლის... კრემლის აგრესიულმა ომმა უკრაინაში, ქართული რეჟიმი აიძულა, თავისი რეალური სახე გამოემჟღავნებინა: მას ახლა ნამდილად სურს პუტინის გამარჯვება და მონაწილეობს მისთვის სანქციების თავიდან არიდებაშიც, როგორც ამას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლეიენი აცხადებს.
მე ციხეში ვარ მოჩვენებითი სასამართლო პროცესის შემდეგ, რომლის გადაწყვეტილებებსაც საერთაშორისო დონეზე მხოლოდ კრემლის დიქტატორული და იმპერიალისტული რეჟიმი აფასებს. საერთაშორისო ორგანიზაციების, დასავლეთის დიპლომატიური კანცელარიების, ევროპარლამენტის რეზოლუციების ყველა მოხსენება აჩვენებს, რომ საქართველო, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს, რომელიც 1990-იან წლებში რუსეთში გამდიდრდა, ზურგს აქცევს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას, რაც გეოპოლიტიკურად მხოლოდ ევროპასთან დაახლოების პროცესის შეჩერებასა და ქვეყნის რუსეთის ზედამხედველობის ქვეშ მოქცევას შეიძლება ნიშნავდეს. მეტიც, მინისტრები და პუტინის პროპაგანდისტები აქებენ საქართველოს ხელისუფლებას და დასავლელი დიქტატებისადმი მათ "წინააღმდეგობას". მაშინ როცა მთელი მსოფლიო პუტინის რეჟიმს დევნის, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის საქართველო აცხადებს, რომ მოსკოვთან საჰაერო კავშირების აღდგენა სურს, - წერს მიხეილ სააკაშვილი.