საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს საფინანსო სექტორის ზედამხედველობის მიმართულებით არსებული წესების ფორმალიზაციას და გასაჯაროებას, რომლის მიზანია ბაზრის სტაბილურობის, სანდოობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა. ამ პრინციპების შესაბამისად ვასაჯაროებთ სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკების განსაზღვრისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის დაწესების განახლებული მიდგომების დოკუმენტს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ქვეყნისთვის სპეციფიური ფაქტორების გათვალისწინებით შეიმუშავა.
მისი მიზანია სისტემური მნიშვნელობის კომერციული ბანკებისა და მათთვის სისტემურობის ბუფერის განსაზღვრისას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოყენებული განახლებული მიდგომების მეტი გამჭვირვალობა და სისტემურობის ბუფერების აღნიშნული მიდგომების მიხედვით განახლება და დაწესება.
ბრძანებით დადგინდა სისტემური მნიშვნელობის ქულების განმსაზღვრელი ინდიკატორები და შესაბამისი წონები, რომლის მიხედვითაც სისტემაში ბანკის საშუალო შეწონილი წილი განისაზღვრება. ასევე, განისაზღვრა სისტემური მნიშვნელობის ქულის ზღვარი 8% და სისტემურობის ბუფერის ბიჯი 0.5%.
განახლებული მეთოდოლოგიის შესაბამისად კომერციულ ბანკებად განისაზღვრა 3 ბანკი და დაუწესდათ შემდეგი ბუფერები:
ა) სს "თიბისი ბანკი" – 2.5%;
ბ) სს "საქართველოს ბანკი" – 2.5%;
გ) სს "ლიბერთი ბანკი" – 1%.
ასევე, ბრძანებით დადგინდა სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი, რომელიც მიმდინარე ეტაპზე შეადგენს 2.5%-ს. თუმცა, იმ შემთხვევაში თუ ცალკეული ბანკის დეპოზიტების კონცენტრაცია სისტემაში აღემატება 40%-ს, აღნიშნული ბანკისთვის სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი გაიზრდება 3%-მდე. ხოლო, იმისთვის რომ სისტემურობის ბუფერის ზედა ზღვარი კვლავ დაუბრუნდეს 2.5%-ს ბანკმა ბრძანებაში გაწერილი მეთოდოლოგიის შესაბამისად დეპოზიტების წილი უნდა შეამციროს, რათა არ აღემატებოდეს 40%-ს.
სისტემურობის ბუფერის დაწესება წარმოადგენს საერთაშორისო პრაქტიკას და რამდენიმე მიზანს ემსახურება:
ფინანსური სექტორის მდგრადობის ამაღლება;
მსხვილი ბანკების გაკოტრების ალბათობის შემცირება და შედეგად წარმოქმნილი სისტემური პრობლემების თავიდან არიდება;
სისტემურ ბანკებში მორალური საფრთხის (Moral Hazard) შემცირება;
გადასახადების გადამხდელების პოტენციური ტვირთის შემცირება პრობლემური ბანკების საბიუჯეტო სახსრებით დახმარებისას;
კონცენტრაციის შემცირება და, შედეგად, კონკურენციის ხელშეწყობა.