მოსკოვში უფლებების დამცველი ორგანიზაციის "მემორიალის" თანამშრომელს ბახრომ ხამროევს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას ტვინის შერყევა აქვს. ამის მიუხედავად, ხამროევმა ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა და ამჟამად მკურნალობას სახლში აგრძელებს. ინფორმაციას ამის შესახებ "მემორიალის" ხელმძღვანელი ოლეგ ორლოვი ადასტურებს.
მისი თქმით, ბახრომ ხამროევს ნაცნობმა, რუსეთის მოქალაქემ ეროვნებით ყირგიზმა დაურეკა და უთხრა, რომ მასთან ბინაში შეიარაღებული ხალხი შეიჭრა. ბახრომ ხამროევი მასთან გაემგზავრა, თუმცა იგი ბინაში არ შეუშვეს და სადარბაზოდან გამოიყვანეს. ეზოში ყოფნის დროს იქვე მდგარი მიკროავტობუსიდან გადმოვიდა ადამიანი, რომელმაც ჯერ მას რამდენიმე კითხვა დაუსვა, შემდეგ კი მოულოდნელად თავში რამდენჯერმე ჩაარტყა. ხამროევმა გონი დაკარგა.
"მემორიალის" თანამშრომლები ამ ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვენ, მეტიც ისინი ვარაუდობენ, რომ მათი კოლეგა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელმა სცემა.