ოს სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითიმა ახალგორის რაიონში საქართველოს ხელისუფლების მიერ 1991 წლიდან 2008 წლამდე გამოცემული და მოქმედი ნორმატიული აქტების მოქმედება გააუქმა. ინფორმაციას ამის შესახებ ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
"სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა განკარგულებას ლენინგორის რაიონში არსებული საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების რეგულირების ღონისძიებებისა და რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების დაბრუნების შესახებ მუდმივ საცხოვრებელ ადგილას", _ იუწყება კომიტეტი.
მათი ინფორმაციით, საქართველოს აგრესიის შედეგად სამხრეთ ოსეთის მნიშვნელოვანი ნაწილიდან ოსური მოსახლეობა განიდევნა, მათი საცხოვრებელი კი ან მიისაკუთრეს ან გადაწვეს და გაანადგურეს.
"ამასთან დაკავშირებით, კოკოითიმ დაადგინა, რომ იურიდიული ძალის არმქონედ მიჩნეულიყო ის დოკუმენტები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ლენინგორის რაიონის ტერიტორიაზე არსებულ საცხოვრებელ ფართებსა და მიწის ნაკვეთებს ეხება, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ლენინგორის რაიონის ოკუპაციის პერიოდში ანუ 1991 დან 2008 წლამდე გამოსცა", _ იუწყება ოსური მხარე.