მცხეთა-მთიანეთის რაიონში ხაშარის მთაზე ტყე იწვის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" რაიონის გამგებელმა გიორგი აბაშვილმა განუცხადა, ტყეს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა, თუმცა მიზეზი ჯერ კიდევ დაუდგენელია.
"ადგილი იმდენად მიუვალია, რომ ხანძრის კერამდე მისვლა არც ფეხით და არც ავტომობილით არის შესაძლებელი. ცეცხლის ლოკალიზების ერთადერთი საშუალება პროცესში ავიაციის ჩართვაა, თუმცა ამ ეტაპზე მისი გამოყენებისგან თავს ვიკავებთ, რადგან ამინდი ფუჭდება და სავარაუდოა, რომ ნალექი წამოვიდეს", - განმარტა აბაშვილმა.
მისივე განმარტებით, ხანძარი ამ დროისთვის 30-40 ჰექტარ ფართობზე მძვინვარებს. აბაშვილის თქმით, იწვის წიწვოვავი და ფოთლოვანი ხეები.