კახეთის სოფელ მირზაანში რამდენიმე წლის წინ დახურული სკოლა სასწავლო პროცესს ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის ფილიალის სტატუსით გააგრძელებს.
როგორც ინტერნეტ-გამოცემა "ქიზიყი" იუწყება, ადგილობრივები და სკოლის ყოფილი პედაგოგები ფილიალის სტატუსს ეწინააღმდეგებოდნენ, თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია.
ინფორმაციას დედოფლისწყაროს საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინე მეხრიშვილი ადასტურებს.
,,განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია. ამ დროისთვის 42 მსურველის განაცხადია შემოსული. ეს ძირითადად ის მოსწავლეები არიან, რომლებიც სოფელ მირზაანში ცხოვრობენ და ყოველდღიურად მაჩხაანის სკოლაში უწევთ სიარული," - განაცხადა მეხრიშვილმა.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, პედაგოგთა საშტატო განრიგი ჯერ გარკვეული არ არის. ამდენად, მეხრიშვილი ვერ აკონკრეტებს მოხდება თუ არა ყოფილი პედაგოგების სკოლაში აღდგენა, ან რომელი მათგანი დაუბრუნდება სამსახურს.
მისი თქმით, მოსწავლეთა საბოლოო რაოდენობის გარკვევის შემდეგ საათების დათვლა მოხდება, კლასები დაკომპლექტდება და მასწავლებელთა საკითხიც მას შემდეგ გადაწყდება.
მირზაანის სკოლა სამი წლის წინ დაიხურა. გაუქმებული სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ახლახან დასრულდა და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნა.
განიხილებოდა მირზაანის სკოლის სასულიერო განხრით აღდგენის საკითხი, საუბარი იყო სამხატვრო სკოლის გახსნის შესახებაც, თუმცა საბოლოოდ გადაწყდა, რომ მირზაანის სკოლას სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის ფილიალის სტატუსი მიენიჭოს.
მასალის გამოყენების პირობები