დღეს, 6 დეკემბერს, 13:00 საათზე, ზუგდიდის პირველ საჯარო სკოლაში, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ზუგდიდის სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდება.
შეხვედრების მიზანია, მოსწავლეთათვის საატესტატო გამოცდების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. 2011 წელს XII კლასის მოსწავლეები 8 გამოცდას საკუთარ სკოლებში, კომპიუტერულად, GAT-ის სისტემით ჩააბარებენ.
დეკემბერში, საცდელი ტესტირებების შემდეგ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ტესტური დავალებების ნიმუშები განთავსდება.
საცდელი ტესტირების მიზანი, საატესტატო გამოცდების ტესტურ დავალებათა აპრობაციაა. საცდელი ტესტირება რვა საგანში ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 83 სკოლის 7000-ზე მეტი დამამთავრებელი კლასის მოსწავლე. საცდელი ტესტირებებისთვის შერჩეულია არაქართულენოვანი სკოლებიც. ტესტირება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ქალაქებში ჩატარდება.
ტესტირების პარალელურად შედგება შეხვედრები ფოთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებთან.