გაზეთ "რეზონანსის" 2010 წლის 2 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა სტატია შემდეგი სათაურით "უზენაესმა მოსამართლეებმა ენგურჰესის საიდუმლო წყალსაცავში ჩაძირეს".
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრესსამსახურს მიზანშეწონილად მიაჩნია, კომენტარი გააკეთოს აღნიშნულ სტატიაში მოყვანილ რამდენიმე ძირითად ასპექტზე:
1. სტატიაში მითითებულია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ მოტივს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ "უზენაეს სასამართლოში მსგავსი საკითხების განხილვის პრაქტიკა არ არსებობდა. გარდა ამისა, უზენაეს სასამართლოში მიაჩნიათ, რომ ქვემდგომმა ინსტანციებმა ეს საკითხი დარღვევით განიხილეს."
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით შემოწმდა შპს გაზეთ "რეზონანსის" და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საკითხი, კერძოდ თუ რამდენად აკმაყოფილებდა საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებს. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ა) საქმე არ იყო მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდებოდა ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული იყო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევის არსებობის გარეშე.
უნდა აღინიშნოს, რომ სტატიაში მოყვანილი ციტატა "უზენაეს სასამართლოში მსგავსი საკითხების განხილვის პრაქტიკა არ არსებობდა" არ არის სწორი ფორმულირება იმ გარემოებისა, რაც საკასაციო სასამართლოს განჩინებაში არის ჩამოყალიბებული, პირიქით, ამგვარის საწინააღმდეგოდ, საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის საფუძველს სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში მსგავსი კატეგორიის დავებზე ინფორმაციის თავისუფლებასთან დაკავშირებით (მათ შორის კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეულ ინფორმაციასთან მიმართებაში) ჩამოყალიბებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, ხოლო უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკა მსგავსი კატეგორიის დავებთან მიმართებაში ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისათვის. ამასთან, საქმეზე გამოტანილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება, არ განსხვავდებოდა საკასაციო სასამართლოში უკვე არსებული პრაქტიკისაგან და, შესაბამისად, სახეზე არ იყო საკასაციო საჩივრების არც ამ საფუძვლით დასაშვებად ცნობის არც მატერიალური და არც პროცესუალური საფუძვლები.
ასევე სრულიად უსაფუძვლოა სტატიაში იმ ფაქტის მითითება, თითქოს "უზენაეს სასამართლოში მიაჩნიათ, რომ ქვემდგომმა ინსტანციებმა ეს საკითხი დარღვევით განიხილეს." უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი დასკვნები საკასაციო სასამართლოს განჩინებაში ჩამოყალიბებული არ არის, განჩინება არ შეიცავს მითითებას მსგავსი დასკვნების ჩამოსაყალიბებლად. პირიქით, ამგვარის საწინააღმდეგოდ განჩინებაში აღნიშნულია, რომ საკასაციო საჩივრების დაუშვებლად ცნობის და შესაბამისად, პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოების გადაწყვეტილებების უცვლელად დატოვების საფუძველს სწორედ ის გარემოება წარმოადგენდა, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლომ დავა განიხილა კვალიფიციურად, ჩამოაყალიბა იურიდიულად სწორი სამართლებრივი დასკვნები, სახეზე არ იყო არც პროცესუალური დარღვევის არსებობა საქმის განხილვისას, რის გამოც ფორმალურად და სამართლებრივად გამოირიცხებოდა საკასაციო საჩივრების დასაშვებად მიჩნევის შემთხვევაში მათი დაკმაყოფილებისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პერსპექტივა.
2. ასევე ყურადღება უნდა გამახვილდეს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც სტატიაშია მითითებული, რომ "როგორც წესი მემორანდუმი არ შეიცავს კომერციულ საკითხებს."
აღნიშნულთან დაკავშირებით პრესსამსახური აღნიშნავს, რომ სადავო დოკუმენტი შეიცავდა იმ სახის ინფორმაციას, რომელიც განეკუთვნება კომერციულ საიდუმლოებას. კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია დაცულია გამხელისგან, ხოლო იმ საკითხს, განეკუთვნება თუ არა ინფორმაცია კომერციულ საიდუმლოებას, წყვეტს მისი წარმდგენი პირი, მეტიც იგი ვალდებულია მიუთითოს, რომ ეს ინფორმაცია მის კომერციულ საიდუმლოებას განეკუთვნება /ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, III თავი ინფორმაციის თავისუფლება;
სამართალწარმოებაში მონაწილე ერთ-ერთმა მხარემ, მესამე პირმა ღია საზოგადოება "ნტერ რაო ეესის" თავმჯდომარემ წერილით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრს მათ შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის სტატუსის თაობაზე და აცნობა, რომ აღნიშნულ მემორანდუმს მასში შემავალი კონფიდენციალური ინფორმაციის გამო, ღსს "ინტერ რაო ეეს-ში" მიენიჭა გრიფი "კომერციული საიდუმლოება, რისი გათვალისწინებითაც მოითხოვა მხედველობაში ყოფილიყო მიღებული დოკუმენტის განსაკუთრებული სტატუსი და მომავალში, მასთან დაკავშირებით მუშაობისას დაცული ყოფილიყო კონფიდენციალურობა, მემორანდუმის 4.5. მუხლის თანახმად.
აღსანიშნავია, რომ საქმეში მონაწილე ერთ-ერთმა პროცესუალურმა სუბიექტმა კომერციულ საიდუმლობად მიიჩნია რა მემორანდუმში დაცული ინფორმაცია, მოითხოვა მისი დაცვა გამხელისაგან. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2009 წლის 16 იანვრის #11 ბრძანებით მიღებულ იქნა რა მხედველობაში კომპანია "ინტერ რაო ეესის" წერილში მოყვანილი გარემოებები, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 272 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის #71 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის `ო~ ქვეპუნქტის საფუძველზე, კომერციულ საიდუმლოებად იქნა მიჩნეული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია `ინტერ რაო ეესს~ შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. პროცესის მონაწილე მხარის მოსაზრებით, სწორედ საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეში დავის საგანი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია `ინტერ რაო ეეს~ შორის 2008 წლის 30 დეკემბერს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი შეიცავდა კომერციულ საიდუმლოებას. შესაბამისად, სახეზე იყო კომერციულ საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციის განსაიდუმლოების თაობაზე დავა.
3. პრესსამსახური ყურადღებას ამახვილებს სტატიაში მოყვანილ ერთ-ერთ ასპექტზე, რომ "ორმა სასამართლომ (საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ) მემორანდუმის თუნდაც სათაურის გამჟღავნების შესახებ გადაწყვეტილებასაც კი თავი აარიდა, უზენაესმა სასამართლომ კი საჩივრის განხილვა საერთოდ დასაშვებად არ სცნო".
სტატიაში მოყვანილი არც ეს გარემოება შეესაბამება რეალობას, რამდენადაც მხარეებისათვის აღნიშნული საკითხის განხილვა და მართლმსაჯულების განხორციელება ხელმისაწვდომი იყო სამივე ინსტანციის სასამართლოში. საქმე არსებითად იქნა განხილული თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, ამასთან იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქმე გამოირჩეოდა სირთულით, პირველი ინსტანციის სასამართლომ საქმე განიხილა განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეთა განხილვისათვის დადგენილი წესით _ სამი მოსამართლის მონაწილეობით _ კოლეგიური შემადგენლობით. საქმე ასევე არსებითად, კოლეგიური შემადგენლობით განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ანუ საქმეზე არსებითად იმსჯელა ორი ინსტანციის სასამართლომ.
საკასაციო სასამართლომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე შეამოწმა რა საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობები, მათი არარსებობის გამო, დაუშვებლად დატოვა საკასაციო საჩივრები, რამდენადაც სახეზე არ იყო საკასაციო საჩივრების დასაშვებად ცნობის და მათი კვლავ არსებითად განხილვის პროცესუალური და მატერიალური საფუძვლები (წინაპირობები).