საქართველოს ეროვნული ბანკი 2022 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიშს აქვეყნებს. დოკუმენტი აანალიზებს ფინანსურ სისტემაში არსებულ მოწყვლადობას და რისკებს და ძირითად აქცენტს საშუალო და გრძელვადიან პერიოდებზე, ფინანსური სექტორის სტრუქტურულ მახასიათებლებსა და საქართველოს ეკონომიკის იმ ასპექტებზე აკეთებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისთვის.
ანგარიშის მიხედვით, 2022 წლის აგვისტოში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 15.3% შეადგინა.
„გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, კვლავ მაღალია. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ ფინანსურმა სექტორმა მაღალი ეკონომიკური ზრდის დროს სტრესულ პერიოდებში გამოსაყენებლად კაპიტალის ბუფერები დააგროვოს, როგორც ეს პანდემიის დასაწყისში მოხდა. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი განაგრძობს საკრედიტო აქტივობის, ბანკების ფინანსური მაჩვენებლებისა და ეკონომიკური ზრდის მონიტორინგს და არსებული ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში კონტრციკლური კაპიტალის ბუფერის გაზრდას განიხილავს“, - წერია ანგარიშში.
ანგარიში, ასევე, მოიცავს ადგილობრივი ფინანსური სისტემის მდგრადობის ანალიზს. გარდა ამისა, ანგარიშში წარმოდგენილია ფინანსური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები და მათი გავლენის შეფასება. კერძოდ, დეტალურადაა მიმოხილული მთლიან ფინანსურ სისტემაზე ორიენტირებული მაკროპრუდენციული ზომები და ცალკეული ფინანსური ინსტიტუტების მდგრადობის ზრდისკენ მიმართული მიკროპრუდენციული ღონისძიებები.