საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების გაზრდა შეეხება როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორს. ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, გაიზრდება ქვეყნის შიგნით სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო ხარჯების ნორმა არსებული 15 ლარიდან 30 ლარამდე, ხოლო ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების სადღეღამისო და საცხოვრებელი ფართობის დაქირავების ხარჯების ნორმები განისაზღვრება თითოეულ ქვეყანასთან მიმართებით, არსებული რეალობის გათვალისწინებით.
„დღეს მთავრობის სხდომაზე განხილული იყო საკითხი სამივლინებო ნორმებთან დაკავშირებით, რომლის ცვლილებაც განხორციელდა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში. ანალოგიურად, გამოიცემა ფინანსთა მინისტრის ბრძანება, რომელშიც ნორმები გადაიხედება. მრავალი წლის განმავლობაში, ეს ნორმები მოქმედებდა საქართველოში და მისი გადახედვა არ განხორციელებულა. მიუხედავად იმისა, რომ არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთ არსებულ ნორმებთან მიმართებაში არსებითად სიტუაცია ძალიან ბევრ ქვეყანაში შეცვლილია, შესაბამისად, მოხდა დაკორექტირება იმ ნორმებისა, რა ნორმებიც იყო დადგენილი ორივე ბრძანებით.
პირველი, ეს ეხება ქვეყნის შიგნით მივლინებებს, რომლისთვისაც განსაზღვრული იყო 15-ლარიანი ლიმიტი. ეს ნორმა გახდება 30 ლარის ოდენობით. რაც შეეხება ქვეყნის გარეთ მივლინებებს, პრაქტიკულად, ყველა ქვეყანა იქნება დაკორექტირებული. ის შესაბამისობაში იქნება მოყვანილი ერთიან სტანდარტთან, მათ შორის გათვალისწინებული იქნებაქვეყნებს შორის არსებული განსხვავებებიც. დაახლოებით 37 პროცენტიანი ზრდა იქნება საშუალოდ ქვეყნების მიმართულებით, ზოგან მეტი, ზოგან ნაკლები, იქიდან გამომდინარე, რა ოდენობით ხდება ფასების ცვლილება ამა თუ იმ ქვეყანაში. ძირითადად, ეს იქნება სამი კატეგორია დღიურ ნორმებთან მიმართებაში ქვეყნის გარეთ. იქნება 45 დოლარის ოდენობით, 60 დოლარისა და 75 დოლარის ოდენობით, იმისდა მიხედვით, რომელ ქვეყანაში რა ფასებია, ცხოვრების დონის მიხედვით. ასევე გადაიხედება სასტუმროს ნორმები, რომელიც დაკორექტირდება ზრდის მიმართულებით, დაახლოებით იგივე პროცენტული ოდენობით. ეს ნორმები იარსებებს როგორც საჯარო სექტორისთვის, ასევე კერძო სექტორისთვის.
კერძო სექტორთან მიმართებაში ფინანსთა სამინისტროს ბრძანება დაარეგულირებს საგადასახადო შეღავათის ნორმას, რის ფარგლებში არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით, სწორედ ამ ნორმებზე, ამ ოდენობით გავრცელდება ეს საგადასახადო შეღავათი. საჯარო, კერძო სექტორში დასაქმებული პირები, ანუ კომპანიები, რომლებიც გადაიხდიან ამ ჭერის ფარგლებში სამივლინებო ნორმებს, იარსებებს საგადასახადო შეღავათი, როგორც დღეს არსებობს. ამ ნორმების ფარგლებში, იქნება გათავისუფლებული საშემოსავლო გადასახადიდან. პრაქტიკაში როგორც ვხედავთ, რომ ამ ნორმების მიხედვით დგება, მათ შორის კერძო სექტორშიც. მიუხედავად იმისა, რომ დღესაც არ აქვთ იმის შეზღუდვა, რომ უფრო მეტი გასცეს, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ზუსტად ამ ნორმების ფარგლებში ხდება კონცენტრაცია და ორიენტირი. შესაბამისად, ეს ნორმები იარსებებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორშიც.
როგორც მოგახსენეთ, ქვეყნები დაიყო ძირითადად სამ კატეგორიად, რომლებშიც ნორმები განსაზღვრული იქნება დაახლოებით შემდეგი ოდენობით, 45 დოლარის, 60 და 75 დოლარის ოდენობით, რაც არ დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. რაც შეეხება ვალუტას, ბუნებრივია, ევროკავშირის ქვეყნებში დადგენილია ევროში, სხვა ქვეყნებში დოლარში. არის ქვეყნები, სადაც შესაბამისი ქვეყნის ვალუტაშია დადგენილი. მაგალითად, ბრიტანეთში იქნება ფუნტით და ასე შემდეგ“, – განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.