თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ქონების დაყადაღებასთან დაკავშირებით ადვოკატებმა სარჩელი შეიტანეს.
დაცვის მხარე მოსამართლეს მტკიცებულებებს წარუდგენს, რომელიც მათი განმარტებით ამტკიცებს რომ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს უძრავი ქონება კანონიერად აქვს შეძენილი.
"ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით და პოლიტიკური დევნის საფუძველზე მამაჩემს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს და მის გარემოცვას დაუყადაღეს საკუთრებაში არსებული ქონება, რომელიც სრულიად კანონიერად გვაქვს შეძენილი. ამასთან დაკავშირებით დღეს ჩვენ შევიტანეთ სარჩელი და წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ჩვენ დავამტკიცებთ, რომ სრული კანონის დაცვით გვაქვს შეძენილი ეს ქონება", - ამბობს სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი.
სოსო გოგაშვილის ადვოკატის განცხადებით, ის ქონებები, რაც დაყადაღებულია არანაირი კავშირში არაა არც ამჟამინდელ ბრალდებასთან, არც სამომავლოდ, მოსალოდნელ ბრალდებასთან. ის ვარაუდობს, რომ ახალი ბრალდება შესაძლოა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია იყოს.